ერთი დღე - ერთი პრობლემა
სასწავლო ფორმატი წარმოადგენს პრობლემაზე და კვლევებზე დაფუძნებულ სასწავლო პრაქტიკას, რომლის ფარგლებში მოსწავლეები მთელი სასწავლო დღის განმავლობაში მუშაობენ ერთი საკითხის /თემატიკის ირგვლივ, დღის ბოლოს კი ქმნიან პროდუქტს, ჭრიან პრობლემას ან აკეთებენ შესწავლილი საკითხის პრეზენტაციას.

ფორმატის დანერგვის მიზნები

-
კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზით მოსწავლეებში ბუნებისა და მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივება;
-
სიღრმისეული საბაზისო სამეცნიერო ცოდნის მიღება და მისი კონცეპტუალური ანალიზი;
-
მეცნიერული ჰიპოთეზის ჩამოყალიბების და სამეცნიერო კვლევის დაგეგმვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენა;
-
სამეცნიერო კვლევის ჩატარების და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის უნარების განვითარება და მისი გამოყენება ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად;
-
მეცნიერული ცოდნის შესაქმნელად ხანგრძლივი, რუტინული სამუშაოების წარმოების უნარის განვითარება;
-
გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
ზოგადი ფორმატი
-
დღის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს გადასაჭრელ პრობლემას ან შესასწავლ საკითხს. საჭიროებისამებრ, მიაწვდის მათ რესურსებს.
-
მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში და თავად იწყებენ ინფორმაციის მოძიება-შესწავლას, გეგმის დასახვას, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, რასაც შუალედური ანგარიშის სახით წარუდგენენ კლასს.
-
დისკუსიისა და კონსულტაციების შემდეგ, გუნდები თანხმდებიან კვლევის მეთოდზე ან/და პრობლემის გადაჭრის გზაზე და იწყებენ მუშაობას, რაც ძირითადად მოიცავს ლაბორატორიულ ან საველე აქტივობებს.
-
ახორციელებენ დაკვირვებებს, აგროვებენ მონაცემებს, აკეთებენ ანალიზსა და შესაბამის დასკვნებს, ქმნიან პროდუქტებს.
-
დღის ბოლოს გუნდები ერთმანეთს წარუდგენენ საკუთარ ნამუშევარს, მსჯელობენ, გასცემენ და იღებენ უკუკავშირს.
